მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: სააკაშვილი იმყოფება წამების 2 ფორმის ქვეშ – მუდმივი ხმაური და ანთებული შუქი

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან/პენიტენციური სამსახური

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის წამების ორი ფორმის ქვეშ – მუდმივი ხმაურისა და ანთებული შუქის პირობებში იმყოფება. გვარამიას თქმით, ამის გამო სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს, რაც საერთაშორისო კონვენციებით განიხილება როგორც წამება.

"მიხეილ სააკაშვილის კონდიცია ჯანმრთელობის არის ძალიან მძიმე, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მას რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ამას გარდა, ხდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა, იგი ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი სააკაშვილზე, არა მხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ შემოვალთ და გაგისწორდებით.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, გარდა ყველაფერი დანარჩენისა, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და მუდმივად ანთებული შუქის პირობებში ყოფნა. ორივე ეს ხდომილება საერთაშორისო კონვენციებით განიხილება როგორც წამება – როდესაც ადამიანს შეგნებულად არ აძლევენ ძილის საშუალებას". – თქვა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ნიკა გვარამია ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, რომ მიხეილ სააკაშვილთან წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ნაციონალური მექანიზმის ხელმძღვანელი შევიდეს, ამასთან, შეიქმნას პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კონსილიუმი.

 მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს – თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები