მიხეილ სააკაშვილი

მელია: 12 ნოემბერს აქციებს დიდუბესა და სამას არაგველზე გავმართავთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 ნოემბერს აქციებს მეტროსადგურებთან - სამასი არაგველი და დიდუბე (ქვედა გასასვლელი), 14:00-ზე გამართავს. ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა.

"პროტესტი მწვავე, არაძალადობრივი, ყოველდღიური, ორგანიზებული, დისციპლინირებული, უწყვეტი, ყველა საბოლოოდ ვრწმუნდებით, რომ თავის შედეგს იღებს. ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც არ შედიოდა და არ შედის რეჟიმის გეგმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში.

შუალედური ამოცანა არის მხოლოდ უახლოეს პერიოდში ჩვენთვის შესასრულებელი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დახსნას საპყრობილიდან" - ამბობს მელია და მიესალმება ექსპრეზიდენტის პოზიციას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა, ვიყოთ დასავლური ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო" - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები