მწვანე პასპორტები

თურნავა: თუ Covid-საშვები კარგად იმუშავებს, რესტორნებს საათობრივ შეზღუდვას შევუმსუბუქებთ

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

"Covid-პასპორტების სისტემის  სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში. რამდენიმე თვეა, ბარ-რესტორნებს და სხვა კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 23:00-მდე აქვთ.

ნათია თურნავას თქმით, მწვანე პასპორტების შემოღება საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ბიზნესს "კიდევ უფრო მეტად" შეუმსუბუქდეს შეზღუდვები. მინისტრის შეფასებით, მწვანე პასპორტების მუშაობის შემთხვევაში საათობრივი შეზღუდვა აზრს დაკარგავს, თუმცა, ეს არ მოხდება  ერთდროულად.

"ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რომელიც შემოგვაქვს, მართლაც მუშაობს და ყველა კეთილსინდისიერად იცავს მას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან თავად ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში დავრწმუნდებით, მათ შორის მედიკოსები, რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს ბევრი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათებთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი - რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეს ამის გაკეთება უბრალოდ, სწორი არ იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი :დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ Covid-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

"იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი" - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

Covid-ბარათებს მატერიალური სახით, ხელმოწერით და ბეჭდით იუსტიციის სახლებში მიიღებთ, ასევე, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში, რომელიც ტესტირებას ან/და აცრას აკეთებს. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა გჭირდებათ. Covid-ბარათში ასახულია როგორც ვაქცინაციის გაკეთების დრო და ადგილი, ასევე, ვირუსის გადატანის და ჩატარებული Covid-ტესტირების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეებს ვებგვერდიდან - Covidpass.moh.gov.ge პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ შეუძლიათ შტრიხკოდის სახით საკუთარი Covid-სტატუსის ჩამოწერა. რამდენიმე დღეში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, ის ახლა ტესტირების რეჟიმშია.  

"ეს აპლიკაცია დაკავშირებულია ჩვენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზა და Covidlab ბაზა, სადაც ყველა დიაგნოსტირებული ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ ბაზებიდან ამოიღებს აპლიკაცია ინფორმაციას" - ამბობს NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

მობილურ აპლიკაციაში განთავსდება კერძო პირის მწვანე სტატუსი, რაც მოიცავს:

  • ვაქცინაციის სტატუსს
  • PCR ტესტების ჩატარების ისტორიას
  • ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას
  • SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას

NCDC-ს ცნობითვე, მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესიც და უახლოეს მომავალში გახდება დამატებითი ინფორმაცია ცნობილი.

კომენტარები