მწვანე პასპორტები

რესტორატორთა ასოციაცია მწვანე პასპორტებს ფიქციას უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია მწვანე პასპორტებს "ფიქციას" უწოდებს და სისტემის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ასოციაციის დირექტორმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავარში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეზღუდვები მხოლოდ სარესტორნო ბიზნესზე მოქმედებს.

"დღეს 18 ათასი შემთხვევაა და ჩვეულებრივად ყველაფერი გახსნილია, შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სარესტორნო ბიზნესზე. სარესტორნო ბიზნესის ამ კუთხით გაჩერება და არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ყველა დამეთანხმებით, დღეს ფურცელზე დაწერილი შეზღუდვები, თუნდაც შეზღუდვები მწვანე პასპორტთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, კარგავენ სამუშაო ადგილებს თანამშრომლები. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ". – თქვა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტების იდეა სწორია, თუმცა საქართველოში ის შესაბამის მიზეზს არ ემსახურება, რადგან იმუნიზაციის პროცესი ვერ დააჩქარა.

"დღეს გამყრელიძე და იმნაძე არიან ფიქცია, ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია ისევე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს, მართვა არის მხოლოდ შედეგები, რომლებსაც ვითვლით. სტატისტიკისთვის არიან მხოლოდ გამყრელიძე და იმნაძე". – თქვა ბურჯანაძემ.

არსებული რეგულაციით, საქართველოში მწვანე სტატუსით სარგებლობენ ორჯერადად აცრილი მოქალაქეები, ასევე 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენისა და 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტების უარყოფითი პასუხის მფლობელები. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც.

კომენტარები