მწვანე პასპორტები

COVID-გადატანილებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე PHR-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

Shutterstock

არასამთავრობო ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ე.წ მწვანე პასპორტი უვადოდ ენიჭება იმ ადამიანს, ვისაც Covid-19 აქვს გადატანილი. სასამართლომ ცვლილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

როგორც PHR წერს, სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ექსპერტების, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, კორონავირუსის მართვის ქართული პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძისა და წამყვანი ალერგოლოგოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებები და მოსარჩელეს მოსთხოვა, მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს უვადო იმუნიტეტი არ აქვთ. 

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე. 

PHR გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგამავს. 

1 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა ე.წ მწვანე პასპორტები, რაც დაწესებულებების ნაწილში შესასვლელად სავალდებულოა. 

კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე ადამიანები შეძლებენ შესვლას. მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს – არა.

საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. ეს უკანასკნელი მოქალაქეს საშუალებას აძლევს, უვადოდ ჰქონდეს მწვანე სტატუსი. 

კომენტარები