ვაქცინაცია საქართველოში

პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რას ითვალისწინებს მწვანე სტატუსი

Shutterstock

1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პრემიერმინისტრის თქმით, ეს ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას. აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

"იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი" - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.

"პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, ეს არის კვების ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნეს-ობიექტები და ასე შემდეგ. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

"რომ არ იყოს რამე სპეკულაცია და დეზინფორმაცია, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად გამოსავალი პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომელიც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს" - თქვა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები მასწავლებლების და ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობიან. პრეზიდენტმაც მოუწოდა მთავრობას, რისკ ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახადოს.

კომენტარები