ავღანეთი

ლავროვი: რუსეთი თალიბანს ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს

სერგეი ლავროვი, ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლები
ფოტო: CNN.COM

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ. მოსკოვის ფორმატის შეხვედრის გახსნაზე ავღანეთის წარმომადგენელ თალიბებს ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა

"ავღანეთში მშვიდობის მიღწევა ისევ აქტუალური გამოწვევაა. მისი მოგვარების გარანტიას რუსეთი, უპირატეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში ხედავს, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს და წარმოადგენდეს არა მარტო ეთნიკური ჯგუფების, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ინტერესებს". – თქვა ლავროვმა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობას რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთის და ირანის დელეგაციები იღებენ, ავღანეთის მხარეს კი თალიბები წარმოადგენენ. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური რუსეთი თალიბანს ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად ჯერაც არ აღიარებს, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმირი პუტინის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რუსეთის დამოკიდებულება თალიბანის მიმართ, შესაძლოა, შეიცვალოს.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე პუტინმა რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ავღანეთის ახალ მთავრობასთან. 

პუტინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანსა და ავღანეთზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი უნდა განიხილოს და ახალ მთავრობას გაყინული აქტივები დაუბრუნოს. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ბლოკადის მიზნით, აშშ-ს მთავრობამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა – გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, აშშ-ს მიერ დაბლოკილია.

19 აგვისტოს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს 370 მილიონ დოლართან წვდომა შეუჩერა

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა ავღანეთში პროექტების დაფინანსება და დახმარების პაკეტები შეწყვიტა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მათი მიზანია ავღანელი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა, თუმცა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლა ფინანსური დახმარების მიზნობრივად გამოყენებას შეუძლებელს ხდის. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები