გვარამია: სააკაშვილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული ცვლილება ვერ შევნიშნე

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე, მესმის რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან უსმინა გუშინ ყველაფერს რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა. იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა". - ამბობს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.  

მეორე მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები