ბათუმი

პროკურორი: ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, გამაგრება სცადეს, მერე შენობა დატოვეს

შსს

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მისი თქმით, საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით.

"ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, - თქვა პროკურორმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 


ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები