ბათუმი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

მედეა ქაჯაია
კადრი ვიდეოდან/ TV პირველი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კლინიკა მედცენტრის დირექტორის, მედეა ქაჯაიას ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. 

მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, რადგან ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება. 

"პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ველოდებით რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება".- ამბობს ექიმი. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები