ბათუმი

შსს: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აწარმოა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი.  ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამონგრევის მთავარ მიზეზად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები