ბათუმი

რიჟვაძე: ზოგადად ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს რომ ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში, ავარიული სახლების პრობელმაა. მისივე თქმით, პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობს. 

მისივე თქმით, ბათუმში,  26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევზე პასუხიმგებელი პირები კანონის წინაშე დაისჯებიან. 

"ყველა ვისი პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, დაეკისრება, მაგრამ გამოძიებას უნდა დაველოდოთ და არ შეიძლება კონკრეტული ფაქტებით და გარემოებებით საუბარი, რაც ჯერჯერობით საქმეში არ არის წარმოდგენილი... აქ იყო თვითნებური სამუშაოები, ამიტომ დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს და ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა. ვმუშაობთ რომ ეს პრობლემები გადაიჭრას".- ამბობს რიჟვაძე. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები