ბათუმი

ქართული ოცნება: დაღუპულთა პატივსაცემად 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო აქტივობას ვწყვეტთ

ბათუმის ჩამონგრეული კორპუსი
შსს

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარტია 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

"ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქართული ოცნება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბათუმში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, საარჩევნო კამპანია ასევე შეაჩერა ოპოზიციამაც.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები