მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ენმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს

ტაბულა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. აქციის  ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ ორ მიმართულებაზე ვიმსჯელეთ. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერად, მისი სოლიდარობისათვის და გათავისუფლების მოთხოვნით,"- ამბობს ენმ-ის დეპუტატი, ზაალ უდუმაშვილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა საკითხს" ისევ განიხილავენ და ამიტომ, აქციის ზუსტ დროს ჯერ ვერ დაასახელებენ.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები