მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჩარკვიანი: მზადდება სააკაშვილის განადგურება – რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს

ტაბულა

პარტია კანონის და სამართლის ლიდერისა და საერთო სახალხო მოძრაობის დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის თქმით, რუსეთის უშიშროება საქართველოს უშიშროებაზე ზეწოლით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ ფა ფიზიკურ განაგდურებას გეგმავს. 

"მზადდება საქართველოს თავის მოჭრა, ანექსია და ყოფილი პრეზიდენტის განადგურება. რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რა ფორმით – მოგეხსენებათ, ფორმები მათი გამოგონილია. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია გადაზუსტებულია. ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე". – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართება.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ის შიმშილობს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც – მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ – "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები