კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი საქართველოს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ამერიკის ხმასთან ავრცელებენ. მათი თქმით, დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით შეშფოთებულნი არიან.
"ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც", - ამბობენ კონგრესმენები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება.
შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული.
განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.





