არჩევნები 2021

ენმ-მ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის საკრებულოს წევრობის 15 კანდიდატი წარადგინა. პარტიამ ასევე, კიდევ ერთხელ წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმის 3 ოლქში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ბათუმის საკრებულოში არიან:

  • კახა ქაშიბაძე
  • რევაზ ხარაზი
  • თეკლა გავაზაშვილი
  • ლაშა გილაბერია
  • მამუკა ქობულაძე
  • ნატო ნაცარაშვილი
  • ალეკო ვარშალომიძე
  • ილო ჯინჭარაძე
  • ქეთი ლასტაგანიძე
  • ბაჩი მექვაბიშვილი
  • ირაკლი ზოიძე
  • ეკა ზარია
  • ლევან გორგილაძე
  • როინ დვალი
  • ელისა ეფაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის 7 ოლქიდან 4-ში მხარს ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ კანდიდატს დაუჭერს. ბათუმის ოლქებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტრობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ, არიან:

  • ნაზი ფუტკარაძე – თამარის დასახლება
  • ნოდარ დუმბაძე – ჭაობის დასახლება
  • ნუგზარ ფუტკარაძე – გონიო-კვარიათი-ანდისა-კახაბრის დასახლება

ბათუმში 9 ოპოზიციური პარტიის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის ევროპული საქართველოს წევრი ვახტანგ კალოიანი იქნება.

ბათუმის დარჩენილ 4 ოლქში ოპოზიციის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 

  • ბექა დიასამიძე – სტრატეგია აღმაშენებელი
  • გენო თებიძე – ლელო
  • დიმიტრი დარჩია – დროა
  • ვახტანგ კალოიანი – ევროპული საქართველო

17 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა. თბილისში კოორდინირებული პარტიების ვიცემერობის კანდიდატი გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე იქნება.

ენმ-მ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები 29 მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა.

ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული. პარტია 16 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მხარს კოორდინირებული ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, მათგან 12 ენმ-ს კანდიდატია. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები