ავღანეთი

ერდოღანი: ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის, ავღანეთში მცხოვრები თურქების კეთილდღეობისთვის თურქეთი ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის თალიბანთანაც

"ქვეყანაში თალიბანის კონტროლის დამყარებასთან ერთად ახალი რეალობის წინაშე ვართ და ახლა გეგმებს ამ ახალი რეალობის მიხედვით ვადგენთ" - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი პროცესებში ყველა მხარესთან ინარჩუნებს კონტაქტს და მიესალმება თალიბანის მიერ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებს.

"ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის, ქვეყანაში მცხოვრები თურქებისთვის, მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის" - თქვა ერდოღანმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა, თალიბანის ლიდერებს მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აპირებს, გააგრძელოს ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდკარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

როდესაც თალიბანმა 1996 წელს ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მის გავლენას არ ემორჩილებოდა ჩრდილოეთის ალიანსი, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი. ალიანსი 1996 წელს სამოქალაქო ომში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებმა, აჰმად შაჰ მასუდმა და აბდულ რაშიდ დოსტუმმა თალიბანის საპირისპიროდ შექმნეს.

კომენტარები