ავღანეთი

მაიკ პენსი ჯო ბაიდენსა და თალიბანზე: სისუსტე ბოროტებას აღვიძებს

მაიკ პენსი

აშშ-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გამოცემა The Wall Street Journal-ში აშშ-ს მიერ ავღანეთის დატოვებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა, სათაურად ბაიდენმა თალიბანთან ჩვენი პირობა დაარღვია.

"ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთის გამანადგურებელი დატოვება ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკის არნახული დამცირებაა, ირანში ამერიკელი დიპლომატების მძევლებად აყვანის შემდეგ.

ამან ამერიკა მსოფლიო სცენაზე შეარცხვინა, პარტნიორებს ჩვენს სანდოობაში ეჭვი შეატანინა და მტრებს ჩვენი მონდომების გამოცდის გამბედაობა მისცა". – წერს მაიკ პენსი ავღანეთის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, აშშ ტოვებდა ავღანეთს, თალიბანი არ ესხმოდა თავს ამერიკელ სამხედროებს და არ მისცემდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებს საკუთარ კონტროლირებადი ტერიტორიების გამოყენების უფლებას, ასევე დაიწყებოდა შიდაავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებები. 

მოსაზრებაში პენსი აქებს ტრამპის ადმინისტრაციის შეთანხმებას, ამბობს, რომ მან ავღანეთში არნახული სტაბილურობა მოიტანა და 18 თვის განმავლობაში 1 ამერიკელი სამხედროც არ დაღუპულა. 

"როდესაც ჩვენ მთავრობა დავტოვეთ, ავღანეთის მთავრობა და თალიბანი საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ, არც ერთი აწარმოებდა დიდ იერიშებს და ამერიკას ქვეყანაში მხოლოდ 2500 სამხედრო ჰყავდა, ყველაზე მცირე სამხედრო წარმომადგენლობა 2001 წლის შემდეგ.

ამერიკის უსასრულო ომი ღირსეულ დასასრულს უახლოვდებოდა და ბაგრამის ავიაბაზა იყო იმის გარანტია, რომ კონტრტერორისტული მისიების შესრულება ომის დასრულების შემდეგაც შეგვეძლებოდა.

ომის დასასრულისკენ ჩვენი ადმინისტრაციის პროგრესი შესაძლებელი გახდა, იმიტომ, რომ თალიბანის ლიდერებს ესმოდათ, შეთანხმების დარღვევის შედეგები მოულოდნელი და სავალალო იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა არმიამ უვნებელყო ირანელი ტერორისტი ყასემ სოლეიმანი და აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებმა მოკლეს ISIS-ის ლიდერი, თალიბანს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჩვენ დანაპირებს შევასრულებდით". – წერს მაიკ პენსი. 

ყოფილი ვიცეპრეზიდენტი თალიბანის დაწინაურებასა და მოვლენების სავალალოდ განვითარებას შემდეგნაირად ხსნის:

"მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი გახდა, მან უცებ გამოაცხადა, რომ აშშ-ს ძალები ავღანეთში დამატებით ოთხი თვე გაჩერდებოდნენ, ამისი არანაირი მიზეზის გარეშე... როგორც ჩანს, პრეზიდენტს უბრალოდ წინამორბედის გაფორმებული შეთანხმების პირობების შესრულება არ სურდა.

როდესაც ბატონმა ბაიდენმა შეთანხმება დაარღვია, თალიბანმა ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ დიდი იერიში წამოიწყო და ქაბული დაიკავა. მათ იცოდნენ, რომ ამ პრეზიდენტისგან ძალის საშიშროება არ არსებობდა. მათ ნახეს, თუ როგორ დაუხარა მან თავი ანტისემიტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰამასი, აღადგინა პალესტინის მთავრობისთვის მილიონობით დოლარის დახმარება და უბრალოდ იჯდა, როდესაც ისრაელის მოქალაქეებს ათასობით რაკეტა აწვიმდათ.

სისუსტე ბოროტებას აღვიძებს – და ბოროტების ძალა, რომელიც ახლა ავღანეთში ძლიერდება, ხმამაღლა მეტყველებს ბატონი ბაიდენის სისუსტეზე".


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები