ავღანეთი

ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი: ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, შეუერთდით წინააღმდეგობას

ამრულაჰ სალეჰი

ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელი Twitter-ით ეხმაურება და ამბობს, რომ ის ახლა ლეგიტიმური პრეზიდენტია. ვიცეპრეზიდენტი ავღანელებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს.

"ავღანეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების, გაქცევის ან გადადგომის შემთხვევაში, ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება. ამჟამად მე ვიმყოფები ქვეყანაში და ლეგიტიმური მეურვე პრეზიდენტი ვარ. ვუკავშირდები ყველა ლიდერს მხარდაჭერისთვისა და კონსესუსისთვის". –  წერს ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი.

ეს არ არის ერთადერთი განცხადება, რომელიც ამრულაჰ სალეჰმა Twitter-ით გააკეთა.

"აზრი არ აქვს ახლა ჯო ბაიდენთან ავღანეთზე კამათს. დაე, გაიაზროს. ჩვენ, ავღანელებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არ არის და თალიბები ვიეტკონგს არც კი ჰგვანან. აშშ-სა და NATO-სგან განსხვავებით სულისკვეთება არ დაგვიკარგავს და წინ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. შეუერთდით წინააღმდეგობას" – დაწერა სალეჰმა.

"ჩემს მიწაზე. ხალხთან ერთად. მიზეზისთვისა და მიზნისთვის. სამართლიანობის მყარი რწმენით. პაკისტანის მხარდაჭერილ შევიწროებასთან და ბრუტალურ დიქტატურასთან წინააღმდეგობის გაწევა ჩვენი ლეგიტიმურობაა" – ასევე დაწერა ვიცეპრეზიდენტმა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

 

კომენტარები