ავღანეთი

ევროკავშირი: თალიბანმა ომი მოიგო, ასე რომ, მათთან საუბარი მოგვიწევს

თალიბი ქაბულში

თალიბანთან საუბრის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა

"არ მითქვამს, რომ ჩვენ თალიბანის აღიარებას ვაპირებთ. მე მხოლოდ ვთქვი, რომ მათთან ყველაფერზე ლაპარაკი მოგვიწევს, თუნდაც იმისთვის, რომ ქალებისა და გოგოების დაცვა ვცადოთ. ამისთვისაც კი მათთან კავშირი უნდა გქონდეს". – თქვა ბორელმა. 

"თალიბანმა ომი მოიგო, ასე რომ, მათთან საუბარი მოგვიწევს". – დაამატა ბორელმა. 

"ამას მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბალანსზე გავლენა ექნება". – ამბობს ბორელი თალიბანის გამარჯვებაზე.

17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ ქალთა უფლებები დაცული იქნება შარიათის კანონის ფარგლებში.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები