კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: ხელისუფლებამ ვაქცინაციას დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი, აფეთქებას ველოდით

ტაბულა

"ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა". – ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი კორონავირუსით ინფიცირებულთა გაზრდილ რაოდენობაზე.

"ყველაზე სახიფათო არა ეს ერთი დღის ციფრია, არამედ ის ტენდენცია, მზარდი ტენდენცია, რაც გვაქვს და რეალურად დღეს მივიღეთ პრინციპში ნახტომისებური ზრდა, რაც პერსპექტივისთვის ძალიან ცუდია. მთავარი თემა აქ არის შემდეგი, ჩვენ ველოდით ინფიცირებულთა მატებას, დელტა შტამი, სამწუხაროდ, ამის პროგნოზის საშუალებას გვაძლევდა, ველოდით ამას აგვისტო-სექტემბერში. ველოდით, რადგან მოსახლეობა არ იყო ვაქცინირებული და ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერ მის ლოჯისტიკას და ვერ საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას ჩვენ მოქალაქეებთან, შესაბამისად, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა". – ამბობს კალოიანი. 

ვახტანგ კალოიანის თქმით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე საჭიროა, რომ ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია არ გაჩერდეს, ასევე, საჭიროა მასიური ტესტირება - დღეში, მინიმუმ, 50 000 ტესტი

"აქედან, სასურველია, რომ ორი მესამედი კვლევების იყოს პისიარ ბაზირებული, რათა ჩვენ დროულად შევძლოთ გამოვლენა იმ მოქალაქეების, რომლებიც ინფიცირებულები არიან და შემდეგ მათი ადეკვატური მოვლა. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის. ასეთი არის პირველ რიგში დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების ორგანიზება და მართვა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გვექნება". – ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

დღეს, 20 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.  

კომენტარები