პრაიდის კვირეული

სანდრო ბრეგაძე სხვა პუტინისტურ ჯგუფებს გაემიჯნა

ქართული მარში

პუტინისტური და ჰომოფობიური დაჯგუფების -  ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სხვა პუტინისტურ ჯგუფებს გაემიჯნა.

ბრეგაძე წერს, რომ ისინი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.

"მინდა დაგიდასტუროთ, რომ "ქართული მარში" არ იღებდა მონაწილეობას 5-6 ივლისის აქციებში და არც მის ორგანიზებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "პრაიდი" არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს ჟურნალისტების ცემას.

გვქონდა გეგმა, ქუჩაში დამდგარიყვნენ მლოცველები და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია. 20 - 30 ათასი კაცი რომ მშვიდად ილოცებდა, იქ ლგბტ აღლუმი ვერ ჩატარდებოდა. ეს იქნებოდა ლოგიკური, ცივილიზებული, ჰუმანური და მომგებიანი საქციელი. ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ამ გეგმას დიდი მოწონება არ ჰქონდა, ავდექით და ჩამოვშორდით მიმდინარე პროცესებს. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო", - წერს ბრეგაძე Facebook-ზე.


5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

დღეს, 16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკა მიმდინარეობს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

კომენტარები