პრაიდის კვირეული

FRONT LINE DEFENDERS: ღრმად შეშფოთებულები ვართ LGBTQI+ უფლებათა დამცველებზე თავდასხმით

ტაბულა

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Front Line Defenders "ღრმად შეშფოთებულია" 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, აქტივისტებსა და მათ ოფისებზე თავდასხმით. 

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 4 მოთხოვნით მიმართავს, მათ შორისაა, ზეპარტიული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა. 

"Front Line Defenders ღრმად შეშფოთებულია LGBTQI+ უფლებათა დამცველებსა და Tbilisi Pride-ის, მოძრაობა სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებზე თავდასხმით, რადგან გვჯერა, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ ამოიღეს მიზანში, რომ იცავდნენ LGBTQI+ უფლებებს საქართველოში. 

Front Line Defenders გმობს LGBTQI+ უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დაშინებასა და მიზანში ამოღებას, რამაც შეიძლება, მსუსხავი ეფექტი იქონიოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და არ უწყობს ხელს უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: 

  • მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს Tbilisi Pride-ის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა სახლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მთლიანობა და უსაფრთხოება;
  • აწარმოოს სასწრაფო, ყოვლისმომცველი და ზეპარტიული გამოძიება LGBTQI+ უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოფისებზე თავდამსხმის ფაქტებზე, ისევე, როგორც ჟურნალისტ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე, რომლის ფარგლებშიც გასაჯაროვდება გამოძიების შედეგები და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელისუფლებო და სხვა საჯარო პირებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან ან დეკლარაციებისგან, რაც სტიგმას შექმნის LGBTQI+ უფლებათა დამცველების სამუშაოს მიმართ და საჯაროდ დაგმონ LGBTQI+ ადამიანების ცილისწამება;
  • გასცენ გარანტია იმისა, რომ საქართველოში ყველა ადამინის უფლების დამცველი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს განახორციელოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ლეგიტიმური საქმიანობა ყველა შეზღუდვის, მათ შორის სამართლებრივი დევნის შიშის გარეშე". – წერია განცხადებაში. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. 

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები