პრაიდის კვირეული

ომბუდსმენი: ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, 12 ივლისის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას არცერთი პირი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ორგანიზებისთვის.

"5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოძიება მიმდინარეობს
მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით
უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის,
ჯგუფური ძალადობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე. თუმცა,
არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას.
5-6 ივლისის მოვლენებს წინ კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ
მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო
მოწოდებები უსწრებდა. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5-6
ივლისსაც, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან". – წერია განცხადებაში

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისს სახეზე იყო არაერთი ძალადობისკენ მოწოდების ფაქტი, შსს-მ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასარიდებლად.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო
განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული
ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ
ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება.
2021 წლის 5-6 ივლისს ვადევნებდით თვალს, თუ როგორ კოორდინირებულად
გადაადგილდებოდნენ ძალადობრივი ჯგუფები, იცოდნენ პირთა სხვადასხვა
ლოკაციის შესახებ, ასევე სხვადასხვა ჩანაწერში ისმოდა ორგანიზატორთა მოწოდებები, რომ მათ შეეძლოთ მოძალადე ჯგუფების გაკონტროლება (შეჩერება
ან გარკვეული მიმართულებით დაძვრა)". – წერია განცხადებაში

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას, გამოავლინონ შესაძლო ჯგუფური ძალადობის მთავარი პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. ასევე, ჩატარდეს ეფექტური გამოძიება TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უმოკლეს
ვადებში, პრიორიტეტულად, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების
მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი
მოახდინონ საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს
ეფექტიანი გამოძიება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე
ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც სწორედ 5-6 ივლისის
ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და დაადგინოს
მიზეზშედეგობრივი კავშირი ალექსანდრე ლაშქარავას სხეულის დაზიანებებს,
ფსიქოლოგიურ-ემოციურ სტრესსა და დამდგარ შედეგს შორის". – წერია განცხადებაში

5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია TV1-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები". – აცხადებს შსს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია დღეს, 11 ივლისს, 18:00 საათზე ისევ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები