პრაიდის კვირეული

TDI: 5 ივლისს საქართველოს კონსტიტუციაზე ვიხილეთ შეტევა, უკიდურესად საგანგაშოა

ტაბულა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წერს, რომ 5 ივლისის მოვლენები უკიდურესად საგანგაშოა და პირდაპირი შეტევაა საქართველოს კონსტიტუციაზე და სახელმწიფოებრიობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ექსტრემისტული, ჰომოფობიური, პრორუსული სიძულვილის ჯგუფების მიერ.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოცემული კონტრაქცია მიემართებოდა არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, არამედ მთლიანად  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ იყო გამიზნული.

TDI-ი სოლიდარობას უცხადებს სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებს, ძალადობის მსხვერპლ ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებული ჯგუფების ძალადობის სამიზნე და მსხვერპლი გახდა. გთავაზობთ განცხადებას ვრცლად:

"უკიდურესად საგანგაშოა 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ექსტრემისტული, ჰომოფობიური, პრორუსული სიძულვილის ჯგუფების  შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე და სახელმწიფოებრიობაზე, რაც მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი იყო საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.

თბილისი პრაიდის ორგანიზებით გასამართი “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქცია, რეალურად მიმართული იყო არა მხოლოდ ლგბტ+ ადამიანების, არამედ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ღირსების მარში გაუქმდა, მოძალადე ჯგუფებმა ღმერთის სახელით დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები, სხვა კერძო და საჯარო სივრცეები, ცემეს და დაჭრეს გამვლელები, დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, მიზანმიმართულად იძალადეს 50-მდე ჟურნალისტზე, დემონსტრაციულად ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

საქართველოს ხელისუფლება, უმაღლესი თანამდებობის პირები, რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებდნენ პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებებს, რამაც უფრო მეტად წააქეზა მოძალადე ჯგუფების მიერ დაგეგმილი შტურმი დემოკრატიაზე.

ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. ქალაქში მოძალადეების მობილიზების დროს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებით პირდაპირ წააქეზა მოძალადე ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედებები.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სასულიერო პირები ქადაგებებში, სატელევიზიო მიმართვებსა და განცხადებებში  ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს შეკრებისა და ძალადობისკენ. 

ეკლესიასთან ერთად იდგნენ ღიად პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური პოლიტიკური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსი, ლევან ვასაძის მოძრაობა, ქართული მარში, ქართული იდეა, რიონის ხეობის მცველები და სხვა. ეს იყო ხელისუფლების, საპატრიარქოს და ამ ძალების ერთობლივი ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მოქმედება.   

ამ ფონზე ხაზგასასმელია სხვა რელიგიური ორგანიზაციების განცხადებებიც, რომლებიც, სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს მითითებით იქნა შემუშავებული. რამდენიმე არადომინანტურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ, თბილისის დიდმა სინაგოგამ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ და ეზიდთა სასულიერო საბჭომ მხარი დაუჭირა დაგეგმილ  კონტრაქციას, სადაც მოსალოდნელი იყო სამოქალაქო აქტივისტებსა და ღირსების მარშის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა. მათ გაავრცელეს ჰომოფობიური განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მოსალოდნელ ძალადობას. მისასალმებელია, რომ მოგვიანებით ეზიდთა სასულიერო საბჭომ მეორე განცხადება გაავრცელა და სინანული გამოთქვა პირველი განცხადების შინაარსის გამო. 

ყოველივე ამასთან ერთად, გვინდა განვაცხადოთ, რომ განსაკუთრებით დიდი ხიფათის შემცველია პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირის მიერ მასობრივი ძალადობის ფონზე გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად საქართველოში კანონით უნდა აიკრძალოს ე.წ. ,,რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა”.

საპატრიარქო უკვე წლებია ცდილობს “მკრეხელობის” დასჯის შესახებ კანონმდებლობის მიღებას. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ინციატივა შევიდა პარლამენტში, რომელთა ნაწილის ავტორი საქართველოს ხელისუფლება იყო. საპატრიარქოს მიზანია, დასაჯოს ადამიანები მისი კრიტიკისთვის.

მიგვაჩნია, რომ ხსენებული ინიციატივის მიზანი, საბოლოო ჯამში, განსხვავებული აზრის, რელიგიური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის სურვილია. ყოველივე ამასთან ერთად, მოცემულ ძალადობრივ კონტექსტში, საპატრიარქოს პოზიცია იკითხება როგორც საკანონმდებლო, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური დომინაციის, როგორც უმრავლესობის მხრიდან ძალადობის უფლების დაკანონების გაცხადებული სურვილი.

დღეს, ჩვენი ამ განცხადებით ბუნებრივი იქნებოდა მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის და მოგვეთხოვა 5 ივლისის ძალადობის ფაქტების გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დასჯა და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. მაგრამ, აუცილებლად მიგვაჩნია იმის დეკლარირება, რომ ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები თავადაა მასშტაბური ძალადობის, ანტიდასავლური გზავნილებისა და საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფის მოტივაციის შემქმნელი და ხელის შემწყობი. აუცილებლად მიგვაჩნია, ამ განცხადებით ხელისუფლებისადმი პროტესტის გამოთქმა და ძალადობის წახალისებაში მისი მხილება.

ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისი პრაიდის გუნდს და ლგბტ+ ადამიანებს. მათ უკვე მრავალი წელია, არ ეძლევათ კონსტიტუციით დაცული უფლებების რეალიზების საშუალება, განიცდიან დევნას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  

სოლიდარობას ვუცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებული ჯგუფების ძალადობის სამიზნე და მსხვერპლი გახდა.

საქართველოს მოსახლეობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან მიიღო ღია გზავნილი, რომ საქართველოში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული.

ლიბერალური დემოკრატიის, ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე ადამიანის უსაფრთხოება, ჩვენს ძალადობრივ გარემოში, უკიდურესად დიდი გამოწვევის წინაშეა!". - ვკითხულობთ განცხადებაში.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციამ მოძალადე დააკავა. მას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს, 6 ივლისს წარუდგენენ.

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები