პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე PRIDE-ის კონტრაქციაზე: ესაა ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი

ტაბულა

პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაგმო გუშინდელი პრაიდის კონტრაქცია და საზოგადოებას მოუწოდა დღევანდელ აქციაზე დასწრებისკენ.

ამასთან ერთად, ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინდელი აქცია იყო ოცნების, საპატრიარქოსა და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი:

"ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ ის ხალხი, ვინც ვთანმხდებით ელემენტარულზე რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა, რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა, რომ ბაშვების ცემა, იმის გამო რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბიჭვრობაა, რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბიჭვრობაა, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბიჭვრობაა, რომ ესაა ელემენტარული ცივილიზაციური წესები

გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში! გაცილებით! ჩვენთ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა! ჩვენთ ვართ მართლა ქართველები! ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები! ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს! ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები! და ჩვენ ვართ ის ვისაც მართლა სწამს იმის რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები

იმას ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება, ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს - ესაა დღევანდელი ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, ესენი გვმართავენ დღეს, მაგრამ აქეთ მეტნი ვართ! არ შეგეშინდეთ! არ დაიჯეროთ რომ ბევრნი არიან! არ დაუთმოთ ამათ ეს ქვეყანა! აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს! დღეს, 20.00 საათზე, პარლამენტის წინ". - წერს ზურაბ ჯაფარიძე.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციამ მოძალადე დააკავა. მას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს, 6 ივლისს წარუდგენენ.

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები