პრაიდის კვირეული

ოპოზიცია: ხელისუფლებამ მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ანტიდასავლური ჯგუფების ღია მოკავშირემ

ტაბულა

"ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ". – ოპოზიციური პარტიების ნაწილი 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი აზრით, პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო დღის განმავლობაში მომხდარი მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია. 

"დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან  ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ. 

შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასოვრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს.   საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გაცდა ღირსების მარშის  პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა

დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა. 

სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში. 

ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების  შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ  გამიჯვნა". – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან თავისუფალი დემოკრატები, დროა, ევროპული საქართველო, ენმ, გირჩი- მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, პროგრესი და თავისუფლება, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, კანონი და სამართალი, სტრატეგია აღმაშენებელი, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სამართლიანობისთვის, გამარჯვებული საქართველო.


ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 40-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები