პრაიდის კვირეული

თაბაგარი საპატრიარქოზე: თუ მშვიდობიანად იქადაგებენ, მთელი დღე იქადაგონ

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"მთელი დღე შეუძლიათ იქადაგონ, თუ ეს მშვიდობიანი ქადაგება იქნება და არ გადაიზრდება შემდეგ ტაბურეტკებით სირბილში". - ასე პასუხობს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებას, პრაიდის კონტრაქციული პარაკლისის შესახებ.

"ჩვენ საპტრიარქოს ან სხვა ინსტიტუციებს არ ველაპარაკებით, ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია მართლწესრიგზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვერ მოვთხოვთ რაღაც რელიგიურ დაჯგუფებას, როგორ მოიქცნენ, თუ როგორ არა, ეს არის სახელმწიფოს როლი, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოება ამ ღონისძიებაზე". - ამბობს თაბაგარი. 

ხვალ, 5 ივლისს, საპატრიარქო თბილისი პრაიდის კონტრაქციულ პარაკლისს 13:00 სთ-ზეც გამართავს. მათი განცხადებით, მიზეზი მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილია. 


საქართველოს საპატრიარქო ხვალ, 5 ივლისს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები