პრაიდის კვირეული

საპატრიარქო: მიუღებელია საელჩოთა და ევროპარლამენტარების მკვეთრი ჩარევა სასულიერო ცხოვრებაში

"ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა". - საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელბის მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ მიუღებელია:

"ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

 ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.

 ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.

 ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები