პრაიდის კვირეული

ბოკერია PRIDE-ზე: საკითხის დასმა – დღეს რომ ვერ სცემეს, კარგია, ნიშნავს, რომ რთული მდგომარეობაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"საკითხის დასმა - დღეს რომ ვერ სცემეს, კარგია, ნიშნავს, რომ რთული მდგომარეობაა". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისი პრაიდის გუშინ, 1-ელ ივლისს გამართულ ღონისძიებაზე. ბოკერიას თქმით, მათ, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებს და, მათ შორის პოლიციელებზე ძალადობს, შესაძლებლობა სწრაფად უნდა აღეკვეთოს.

"გუშინ აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ პროპუტინურ მოძალადეებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკური მოკავშირეები არიან, მაგრამ ეს ხალხი საათების განმავლობაში, მათ შორის პოლიციას თავს ესხმის და ორგანიზატორებს, მომწოდებლებს მასობრივად არ აკავებენ. იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო და ისინი ყველანი არღვევდნენ კანონს. რაღაც საოცრება უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და მათ მორალურ უპირატესობას უტოვებენ. ეს სერიოზული პრობლემაა. 

ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია. საკითხის დასმა, რომ დღეს რახან ვერ სცემეს აქტივისტებს, ეს არის კარგი, ნიშნავს, რომ უკვე როგორ რთულ მდგომარეობაში ვართ. ამ ადამიანებს, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებს და ვინც ძალადობას სჩადის, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, ამის შესაძლებლობა სწრაფად უნდა აღეკვეთოთ. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ასე რომ იქცეოდეს ვინმე". - ამბობს გიგა ბოკერია. 

პუტინისტური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, PRIDE-კვირეულის პირველი ღონისძიება 1-ელ ივნისს მაინც გაიმართა. ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებიც მივიდნენ, ასევე, სხვა საელჩოების წარმომადგენლები. 

ღონისძიების დაწყებამდე, პუტინისტურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მონაწილეებს კვერცხები, ქვები და ბოთლები ესროლეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პირველი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე. 

ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა კინოჩვენების დასრულების შემდეგაც - პუტინისტური ჯგუფები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა შემდეგ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

ჯამში, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები