პრაიდის კვირეული

გახარია პრაიდზე: ჩემ დროს ყველაფერს ვაკეთებდით მოქალაქეების დასაცავად

ტაბულა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისი პრაიდზე საუბრისას ამტკიცებს, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დასაცავად ყველაფერს აკეთებდნენ.

"მე როდესაც ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შსს-ში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება და უნდა შეასრულოს ისე, რომ სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს". -ამბობს გახარია.

თუმცა, 2019 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრი იყო, უწყებამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა და ღონისძიების არჩატარება შესთავაზა. თბილისი პრაიდმა 8 ივლისს შსს-სთან "პარტიზანული პროტესტი" მოაწყო - ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, რადგან მინისტრმა "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს". 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

გუშინ, 30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები