ლგბტ კვირეული

ლომჯარია: შსს-ს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი

სახალხო დამცველის აპარატი

შსს-ს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება რომ არ ჩატარდეს პრაიდი - ამის შესახებ სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და უსაფრთხოების საკითხებზე.

"შსს შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში უკვე საფრთხის ქვეშ დგას არამხოლოდ პრაიდის წევრები უსაფრთხოება, არამედ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოება, ამიტომ მათი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა, რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას თემი წარმომადგენლები მიიღებენ. მათ უნდა გაიარონ კონსულტაციები",- ამბობს ლომჯარია. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე რაც აწუხებს ლგბტ თემს. 

"მათ შორის იყო მოთხოვნა იყო მათი მხრიდან დაყენებული რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს აი ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე რაც სურთ რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად",- ამბობს ომბუდსმენი. 

"რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამის შესახებ მათი მხრიდან ცალსახად იყო გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია რომ გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა. ფაქტია, რომ ლგბტ თემს თავისუფლად შეკრების საშუალება დღეს არ აქვს",- აღნიშნა ლომჯარიამ

ლევან ვასაძემ, რომელიც რუსი იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო, თუმცა, ვერის ბაღში რაზმებად დარეგისტრირება კვლავ გრძელდება.

ზემოთნახსენები დუგინი კი, რომელთან ვასაძე დაახლოებულია, ნეოიმპერიალისტური იდეებით გამოირჩევა. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

კომენტარები