ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთმა იარაღის საწყობზე აფეთქებების გამო რუსეთისგან €22.5-მილიონიანი კომპენსაცია მოითხოვა

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

ჩეხეთმა ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე აფეთქებების გამო რუსეთისგან 22.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარტინ სმოლეკმა რუსეთის ელჩს, ალექსანდრ სმეევსკის, ოფიციალური ნოტა გადასცა, რომელშიც ჩეხეთი რუსეთისგან სოფელ ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე მომხდარი აფეთქებების გამო კომპენსაციას ითხოვს. აფეთქებებში ჩეხეთი რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჩეხეთის მოთხოვნას ტელეგრამში გამოეხმაურა.

"მინდა, შეგახსენოთ ჩვეულებრივ მათ, ვინც ასე მოქმედებს, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მუქარით და შეურაცხყოფით ითხოვს ფულს, გამომძალველებს ეძახიან". – წერს ზახაროვა.

ჩეხური გამოცემის Mlada fronta Dnes-ს თანახმად, ჩეხეთის ხელისუფლებამ აფეთქებებით მიყენებული ზარალი 650 მილიონ ჩეხურ კრონად შეაფასა (ეს მცირედით აღემატება 25.5 მილიონ ევროს). ეს თანხა ნაკლებია იმაზე, რის მოთხოვნასაც მაისში ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანა აპირებდა. მაისში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი გეგმავდა, რუსეთისგან 1 მილიარდი კრონი მოეთხოვა.

ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

აფეთქებებთან დაკავშირებით ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ვრებეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებებთან კი GRU დაკავშირებულია. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევეს ბალტიის ქვეყნებმა და რუმინეთმა. ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 8 მაისს ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, გაეძევებინათ ერთი რუსი დიპლომატი მაინც.

კომენტარები