ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთში ახალი ელჩი დანიშნა

Photo: Радіо Свобода

ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთში ახალი ელჩი დანიშნა, იგი მოსკოვში 2025 წლის პირველ თვეებში გაემგზავრება. ინფორმაცია ჩეხურ მედიაში ვრცელდება

მოსკოვში ჩეხეთის ახალი ელჩი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დანიელ კოსტოვალი იქნება. მან ფორმალური ნებართვა დანიშვნის შესახებ მოსკოვისგან მიიღო. 

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთიდან საკუთარი (აწ უკვე ყოფილი) ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიხმო. მას შემდეგ ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას პრაღიდან ეწეოდა, ხოლო ეს ფაქტი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. 

თუმცა, როგორც ამას გამოცემა Politico წერს, რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების შესუსტება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ჩეხეთის სპეციალურმა სამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ 2014 წელს ქვეყანაში ერთ-ერთი იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების უკან სწორედ რუსეთი იდგა. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში იმ ფაქტით ახსნა, რომ ჩეხეთის მთავარ მოკავშირეებს - დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და გერმანიას - მოსკოვში ელჩები ჰყავთ. 

მოსკოვში ჩეხეთის ელჩის თანამდებობას 2024 წლის მაისის ბოლო რიცხვებამდე ვიტეშლავ პივონკა იკავებდა. მან საკუთარი ნებით დატოვა პოსტი. 

კომენტარები