პრაიდის კვირეული

კუჭავა პრაიდზე: მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აქცია თუ კონტრაქცია, ჩატარდეს მშვიდობიანად

კახა კუჭავა
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, აუცილებელია, რომ თბილისი პრაიდის კვირეული და ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არცერთ ჯგუფს აზრის გამოხატვა არ ეზღუდება. 

"მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქცია იქნება თუ ნებისმიერი კონტრაქცია ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა და ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაიზარდოს ძალადობაში. ამის მომხრე დარწმუნებული ვარ, არ არის შინაგანად არც ერთი მხარე და აუცილებელია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებენ, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არცერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები. თუ რამე ადრე მომხდარა ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება ვინმე მომხრე იყოს ძალადობის და აუცილებელია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის თუ ამ კვირეულის ჩატარება". – ამბობს კახა კუჭავა. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები