ნიგერიაში მყოფი ტერორისტული დაჯგუფება, ბოკო ჰარამი ერთგულებას კვლავ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს (ISIS) უცხადებს.
დაჯგუფების ლიდერი, აბუბაქარ შეკაუ მაისში მოწინააღმდეგე ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის (ISWAP) თავდასხმას ემსხვერპლა. ISWAP-ი ISIS-ის აფრიკული განშტოებაა.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბოკო ჰარამის ასობით წევრი ერთგულებას უცხადებს დაჯგუფების აფრიკულ განშტოებას, ISWAP-ს. ორი დაჯგუფება ერთმანეთს 2015 წლის შემდეგ ებრძოდა.
Reuters-ის მიხედვით, შესაძლოა, იყვნენ ბოკო ჰარამის ისეთი წევრებიც, რომლებიც უარს იტყვიან ISWAP-ის ერთგულებაზე. ასევე, სავარაუდოდ, ამ გაერთიანების შედეგად ტერორისტები მეტ ყურადღებას დაუთმობენ ნიგერიის სამხედრო ძალებზე თავდასხმებს. არსებობს მოსაზრება, რომ გამოქვეყნებული ვიდეო მხოლოდ ISIS-ის პროპაგანდისტული იარაღია და ჩანაწერში არ ჩანდნენ ბოკო ჰარამის გავლენიანი ლიდერები, შესაბამისად, ჯგუფი ჯერ კიდევ დაყოფილია და იქნებიან ისეთებიც, ვინც ISWAP-ის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
ბოკო ჰარამის ამბოხებები ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 2009 წელს დაიწყო და შემდეგ მათი თავდასხმები ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა. ბოკო ჰარამი ცნობილი იყო საკუთარი დაუნდობელი მკვლელობებითა და ბავშვების გატაცებებით. დაჯგუფებამ 2014 წელს 276 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცა. დაჯგუფება ხშირად იყენებდა ბავშვებსა და ქალებს თვითმკვლელ ტერორისტებად. 2015 წელს შეკაუს ბოკო ჰარამმა ერთგულება გამოუცხადა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს (ISIS), მაგრამ ეს უკანასკნელი უკმაყოფილო იყო შეკაუს მეთოდებით და თვლიდა, რომ მისი ქმედებები ხელს უშლიდა დაჯგუფებას. თავდაპირველად ISIS-მა აბუბაქარ შეკაუს ჩანაცვლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ, 2016 წელს ბოკო ჰარამს გამოეყო ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინცია (ISWAP) და ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. ორი ტერორისტული ორგანიზაცია ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ამ კვირაში გაერომ თქვა, რომ ამ ამბოხებას 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.