საქართველოს პროკურატურის ცნობით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა დროშა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
20 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, 2 დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოღებულ ნივთებს შორის ჩანს ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დროშები.