ტერორიზმი

სუს: გასაღებას $3 მილიონად გეგმავდნენ – ურანის გასაღებისა და შეძენისთვის 2 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს. 

"დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა.

აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები