აშშ-მ ოთხი ევროპული დაჯგუფება, რომლებსაც "ანტიფას ძალადობრივი ჯგუფები" უწოდა, გლობალურ ტერორისტებად გამოაცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გერმანიაში არსებული Antifa Ost-ის დაჯგუფება, საბერძნეთსა და იტალიაში არსებულ სამ სხვა ჯგუფთან ერთად, "გლობალურ ტერორისტებად" გამოაცხადა.
რუბიომ თქვა, რომ დაჯგუფებებს 20 ნოემბრიდან "უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებადაც" გამოაცხადებს და აღნიშნა, რომ აშშ მსოფლიოს მასშტაბით სხვა დაჯგუფებებსაც ამოიღებს მიზანში.
"ამ მოძრაობასთან ასოცირებული ჯგუფები რევოლუციური ანარქიზმის ან მარქსიზმის იდეოლოგიებს, მათ შორის, ანტიამერიკულ, ანტიკაპიტალისტურ და ანტიქრისტიანულ მიდგომებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ ძალადობრივი თავდასხმების გასამართლებად და წასახალისებლად იყენებენ." - განაცხადა რუბიომ.
"შეერთებული შტატები საკუთარი ეროვნულობისა და საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად ყველანაირი საშუალებას გამოიყენებს და ტერორისტებისთვის დაფინანსებისა და რესურსების მიწოდების არხებს დაკეტავს." - დაამატა სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე, 18 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ულტრამემარცხენე პოლიტიკურ მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებდა.
"მოხარული ვარ, ჩვენს მრავალ ამერიკელ პატრიოტს ვაცნობო, რომ ანტიფას - ავადმყოფ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე უბედურებას - მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ანტიფა (ANTIFA) მემარცხენე იდეოლოგიის მქონე დეცენტრალიზებული - და მათივე თქმით, "ანტიფაშისტური" - მოძრაობაა, რომელსაც ლიდერი არ ჰყავს.





