სახელმიწფო უსაფრთოების სამსახურის [სუს] განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ასევე გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც აღნიშნულ შეტყობინებებს აგზავნიდნენ.
"ბოლო პერიოდში ცრუ შეტყობინებების გავრცელებამ იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების, ანდა ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი, ანონიმური შეტყობინებები შევიდა.
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფატქზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც, მათ მიმართაც ინდივიდუალურად შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები.
შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელ. ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სუს-ის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
არცერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





