ტერორიზმი

სუს: 2 პირის სახლებიდან ამოვიღეთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მტკიცებულება

კადრი ვიდეოდან/სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, 2 დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოღებულ ნივთებს შორის ჩანს ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დროშები. 

"გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები" - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

კომენტარები