პრაიდის კვირეული

სერგეენკო პრაიდის კვირეულზე: ხმამაღალ გამოხატვაზე საზოგადოების სხვა ნაწილსაც შეეკითხონ

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო პრაიდის კვირეულზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი ხმამაღლა გამოხატვაზე "საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ".  

"პრაიდი, რომ მკითხოთ ახლა, ვერც კი განგიმარტავთ, რა არის. რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია... არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია, უფლებების შეზღუდვა არ მგონია, რომ იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. 

რაც შეეხება რაღაც უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ, ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ". - ამბობს სერგეენკო. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კითხვაზე "ხომ არ უგორებს ეკლესიას კოჭს", კობახიძე პასუხობს, რომ "ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს კოჭს". 

პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად 10 დღე მისცა. საპასუხოდ, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და მასთან "კეკლუცობა ქართულ ოცნებას და, სამწუხაროდ, ქვეყანას ძვირად დაუჯდება".  

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

კომენტარები