ნამახვანჰესი

ჯაფარიძე ნამახვანჰესზე: თქვენ ჩადებდით ამ საგიჟეთში $800 მლნ-ს? უცოდინრობა სულ ხარჯიანი იყო

ტაბულა

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  ნამახვანჰესთან დაკავშირებით  ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა, როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ განსხვავებას მიწის იჯარით გადაცემასა და ყიდვას შორის; არ ესმით, რა კავშირია მათ სიღარიბესა და ენერგორესურსების ათვისებას შორის, არც კავშირი ქსენოფობიურ პოლიტიკასა და სიღარიბეს შორის; როდესაც ადამიანები მხარს უჭერენ არაეფექტურ მთავრობას; როდესაც ყველაზე დიდი  ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს რომ ახლა ეკონომიკის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა საჭირო აღარ არის და, როდესაც ადამიანები შეგუებული არიან, რომ მათი ცხოვრება ერთი მდიდარი ადამიანის ხელშია.

ამ პრობლემების გამო, ზურაბ ჯაფარაძის თქმით, ინვესტორებს ეკარგებათ სტიმულები საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად:

ხელშეკრულების ‘კაბალურობასთან’ დაკავშირებით

როცა ადამიანებს არ ესმით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი რესურსი თავისუფლად იცვლიდეს მფლობელს და გადადიოდეს ნაკლებად ეფექტური მფლობელისგან უფრო ეფექტური მფლობელის ხელში, განურჩევლად მოქალაქეობისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ თვალის ფერისა, და როცა ამ ადამიანებისგან მომავალი პოლიტიკური დაკვეთით ქვეყნის კონსტიტუციაში იწერება რომ დაუშვებელია მიწის მიყიდვა უცხოელისთვის - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს მიწასთან დაკავშირებით

როცა ადამიანებს არ ესმით განსხვავება მიწის იჯარით გადაცემასა და ყიდვას შორის, და სჯერათ, რომ მიწის ყიდვა ან იჯარით აღება ნიშნავს ამ მიწის იმ ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას რომლის მოქალაქეობაც აქვს ინვესტორს - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს მიწასთან დაკავშირებით

როცა ადამიანებს არ ესმით, რა კავშირია მათ სიღარიბესა და ენერგორესურსების ათვისებას შორის, და ქვეყანაში ათწლეულებია ‘არა ჰესებს’ კამპანია მძვინვარებს - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით

როცა ადამიანებს არ ესმით, რა კავშირია ქსენოფობიურ პოლიტიკასა და სიღარიბეს შორის, და იმდენჯერ და ისე მკვეთრად ავლენენ ანტითურქულ განწყობებს, რომ მეზობელი ქვეყნის ელჩს უწევს განცხადების გაკეთება - თურქული ინვესტორი კომპანია, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით

როდესაც ადამიანებმა სამი ათწლეულია ვერ შეძლეს იმის გააზრება, თუ რა არის მათი სიღარიბის გამომწვევი მიზეზები, გამოსავალს საბჭოთა წარსულში დაბრუნებაში ხედავენ და ითხოვენ, რომ ჰესი და ‘სხვა სტრატეგიული ობიექტები’ სახელმწიფომ ააშენოს მათივე გადახდილი გადასახადებით ან მათი შვილების გადასახდელი ვალით, და ისიც არ ესმით, რომ ამ ფულის წყარო თავად და მათი შვილები არიან - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით

როდესაც ადამიანები მხარს უჭერენ მთავრობას, რომელსაც მმართველობის ორი პერიოდის განმავლობაში არასოდეს გააჩნდა ეკონომიკის განვითარების რაიმე ხედვა, შემოიღო უამრავი რეგულაცია, გაზარდა გადასახადები და დედა უტირა ე.წ. ეროვნულ ვალუტას - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს და თავს დაიზღვევს ნებისმიერი რეგულაციური, ფისკალური თუ მონეტარული რისკისგან

როდესაც ადამიანები მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მაღალი ალბათობით ექნება მსხვილი წარმომადგენლობა მომავალ კოალიციურ მთავრობაში (როცა ეს მოხდება), და როდესაც ამ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს რომ ჰესები საჭირო იყო მისი მმართველობის დროს, ხოლო ახლა ეკონომიკის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა საჭირო აღარ არის, და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩაში დაინახა ბევრი გაბრაზებული ადამიანი და გადაწყვიტა მათი გულის მოგება - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით

როდესაც ადამიანები შეგუებული არიან, რომ მათი ცხოვრება და, შესაძლოა, მათი შვილების ცხოვრებაც, ერთი მდიდარი ადამიანის ხელშია, რომელსაც გააჩნია ეფექტური კონტროლი ქვეყანაში არსებულ ყველა ინსტიტუტზე, ყველა ძალაუფლების წერტილზე, რომლის შვილიც მინისტრებს არბენინებს აქეთ-იქეთ, რომ დასაჯოს სოციალურ ქსელში მასზე ნეგატიური კომენტარის დამწერი თინეიჯერები - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით

და ა.შ. და ა.შ.

აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით?

800 მილიონი დოლარი რომ გქონდეთ?

ჩადებდით ამ საგიჟეთში?

არა

გაიქცეოდით

მორალი, რომელსაც ბევრი სამწუხაროდ ვერ გაიგებთ:

უცოდინრობა, აზროვნების უნარის არქონა და ირაციონალური შიშები ყოველთვის ხარჯიანი ამბავი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ძვირი ჯდება თანამედროვე სამყაროში.

ასეთ ხალხთან როდესაც საქმეს იჭერ, გიჟი თუ არა ხარ, გარანტიებს ითხოვ.

პ.ს. კორუფციას აქვს თუ არა ადგილი, ეგ ცალკე თემაა. აქ აღწერილი პრობლემა ამის მიღმაა.


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში 23 მაისს ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს 4 დღის განმავლობაში მართავდნენ.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები