ნამახვანჰესი

ჩიქოვანი: იუსტიციის ყველა რეკომენდაცია ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში

gedf.com

"ყველა ის ბრალდება, რომელიც გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა", – ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, იუსიტიციის სამინისტროს დასკვნას ნამახვანჰესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოცემული დასკვნა არასწორადაა ინტერპრეტირებული და ყველა რეკომენდაცია ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია.

"დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება ნამახვანი ჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვანჰესის მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში", - თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა დოკუმენტი - "შეთანხმების ფურცელი", რომელსაც იუსტიციის სამინისტროც დაეთანხმა.

"ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით  მომზადდა მეორე დოკუმენტი - "შეთანხმების ფურცელი", რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას", - წერია განცხადებაში.

ფონდის განცხადების მიხედვით, ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას.

"ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ, გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში". – აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 25 მაისს, საჯარო გახდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც განხილულია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დასადები, დამატებითი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გათვალისწინებით კორექტირებული ხელშეკრულების პროექტი.


23 მაისიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები