ნამახვანჰესი

კობახიძე: ვარლამ გოლეთიანმა ორჯერ იცრუა

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ორჯერ იცრუა. 

მისი თქმით, ამ მასშტაბის აქციის დაფინანსება წვრილმანი შემოწირულობებით შეუძლებელია და ამ ყველაფრის უკან სერიოზული კომერციული და პოლიტიკური ინტერესები დგას. 

"ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში.

აქციის მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი - ერთხელ ითქვა, რომ თითქოს წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი დღეში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, შეუძლებელია, რომ ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობებით. ემიგრანტების გადმორიცხვა, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უკან არის სერიოზული ინტერესები როგორც კომერციული, ისე პოლიტიკური. თუმცა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს". – ამბობს კობახიძე. 


23 მაისიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები