რამან პრატასევიჩის დაკავება

საფრანგეთმა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

საფრანგეთმა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია ბელავიას ფრენებზე ნებართვა შეუჩერა და საფრანგეთში არსებულ ავიაკომპანიებს მოუწოდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერონ. ამის შესახებ ტრანსპორტის დეპარტამენტის მინისტრ-დელეგატმა, ჟან-ბატისტ ჯებარიმ განაცხადა.

გადაწყვეტილება Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვების და ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას უკავშირდება.

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა უკვე უარი თქვა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებზე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სხვა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, ლატვიურმა airBaltic-მა, ნიდერლანდურმა KLM-მ, სკანდინავიურმა SAS-მა, უნგრულმა Wizz Air-მა, გერმანულმა Lufthansa-მ და ფინურმა Finnair-მა.

საფრანგეთის ანალოგიური გადაწყვეტილება 24 მაისს მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. ევროპული საბჭო კი ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსს  შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები