ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ წარსულში ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩი, რომელიც 2021 წელს დააკავეს და ორი წლის შემდეგ შეიწყალეს, ბელარუსის დაზვერვის აგენტი და ოპოზიციაში ჩანერგილი იყო. ბელარუსის ლიდერს საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება მოუყვანია.
ლუკაშენკო ირწმუნება, რომ დასავლეთში ბელარუსის "დასაჩაგრ" მიზეზებს ეძებენ და, მისივე მტკიცებით, აჟიოტაჟი, რომელიც პრატასევიჩის რეისის დასმასა და მის დაკავებას მოჰყვა, ამის ერთ-ერთი მაგალითია.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უკვე გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც პრატასევიჩის რეისს დაჯდომა თავად ბელარუსმა აიძულა, ახლა ლუკაშენკო ირწმუნება, რომ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის ფაქტი საეჭვოა.
"ბევრს არ ვილაპარაკებ. პრატასევიჩი, ეს ჩვენი დაზვერვის თანამშრომელია. უნდა დაგვეჭირა ის? საკითხავი ისაა, ისინი (გულისხმობს Ryanair-ის რეისს) ვილნიუსში მიფრინავდნენ, იქ არ დასხდნენ, მობრუნდნენ და მინსკში დასხდნენ მას შემდეგ, რაც ზარი მიიღეს, რომ ბორტზე რაღაც ასაფეთქებელი იყო... კეთილი, დამსხდარიყავით, ვილნიუსში მიფრინავდით, ვილნიუსის თავზე იყავით. შემობრუნდნენ და მინსკში ჩამოფრინდნენ. დასხდნენ მინსკში. მე ვამბობ: "რა გაეწყობა, ჩაატარეთ ოპერაცია, ის ხომ შენიღვით მუშაობს ამ გაქცეულებში." ჩაატარეთ ოპერაცია, როგორც საჭიროა-მეთქი"" - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს თქმით, პრატასევიჩის დაჭერა "მოუწიათ", თუმცა არ განუმარტავს თუ ზუსტად რატომ.
"მოგვიწია ოპერაციის ჩატარება მისი დაკავებისთვის. თუმცა არ გვჭირდებოდა მისი დაკავება. ის საბერძნეთში ჩავიდა, იქ გამოიძახეს, მზვერავებს ყველაფერი მოახსენა, რაც გვაინტერესებდა. ჩვენ დაგვადანაშაულეს, რომ ოპოზიციონერი დავაკავეთ. ის კი არაა ოპოზიციონერი. ჩვენ ოპოზიციონერი არ დაგვიკავებია. და, აი, დაგვიწესეს სანქციები." - თქვა ლუკაშენკომ.
რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა 2021 წლის 23 მაისს მინსკში დააკავეს. როგორც მაშინ გავრცელდა ცნობები, პრატასევიჩის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.
2021 წლის 25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Ryanair-ის რეისის დასმა მოითხოვეს იმიტომ, რომ ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღეს. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.
თვითმფრინავის ძალით დასმასა და პრატასევიჩის დაკავებას ევროპული ქვეყნების აჟიოტაჟი და სანქციები მოჰყვა. დასანქცირდა ბელარუსული ავიაკმოპანია.
პრატასევიჩი ყოფილი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.
2023 წლის მაისში ლუკაშენკომ პრატასევიჩი შეიწყალა. გათავისუფლების შემდეგ პრატასევიჩმა ოპოზიციური აქტიურობა შეწყვიტა და ჟურნალისტებთან საუბარში ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერ კომენტარებს აკეთებდა.





