რამან პრატასევიჩის დაკავება

რუსული მედია: საპეგამ შეწყალების თხოვნა დაწერა

სოფია საპეგა

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ბელარუსი დისიდენტის, რამან პრატასევიჩის პარტნიორი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა, რომელიც გასულ წელს მეწყვილესთან ერთად ბელარუსში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დაშვების დროს დააკავეს, შეწყალების თხოვნით წერილს წერს.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სოფია საპეგას ოჯახი იმედოვნებს, რომ კოლონიის ადმინისტრაცია მის თხოვნას შეწყალებაზე და საჭირო საბუთებს გადასახედად ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციას გაუგზავნის.

საპეგას მამინაცვალმა, სერგეი დუდიჩმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრა, რადგან მის შვილობილთან კავშირი შეზღუდულია. 

გასულ თვეში ბელარუსის სასამართლომ სოფია საპეგას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა

2021 წლის 5 დეკემბერს, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას შუღლის გაღვივების ბრალი წაუყენა. საპეგას ტელეგრამ-არხის "ბელარუსის შავი წიგნის" ადმინისტრირებაში ადანაშაულებენ. ამ არხით ბელარუსი სამართალდამცველების შესახებ პირადი მონაცემები ვრცელდებოდა. ტელეგრამ-არხი ბელარუსში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული. 2021 წლის მაისში ბელარუსის სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც საპეგა ამბობს, რომ ამ ტელეგრამ-არხის რედაქტორი იყო.


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა 2021 წლის 23 მაისს მინსკში დააკავეს. პრატასევიჩის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. სოფია  საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები