ვაქცინაცია

მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზით – 15 22 შეეძლებათ

ვაქცინაციაზე ჩასაწერად მოქალაქეებს ტელეფონით დარეგისტრირება შეეძლებათ ცხელი ხაზის ნომერზე 15 22. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ თქვა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.

11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 4 689 ადამიანი აიცრა.  NCDC-ის ცნობით, სრულად აცრილია 11 504 ადამიანი.  ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 55 632 მოქალაქე. 


ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები